კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი – ზეწოლა ძალაშია

20.03.2016 • 2294
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი – ზეწოლა ძალაშია

თუკი მოწმე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, მას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს – ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით ასეთი დაკითხვა არ შემდგარა. ადვოკატების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები  დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლომდე მოწმეები არც მივლენ, რადგან პარლამენტმა „მკვდარი ნორმა“ მიიღო. ვიდრე პარლამენტარები მესამე სექტორისგან „ჰიბრიდად“ შეფასებულ მოდელს დააკანონებდნენ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ მთავრობა საზოგადოებას დანაშაულისგან ვეღარ დაიცავდა, თუკი მოწმის დაკითხვა სრულად ნებაყოფლობითი გახდებოდა.

„ვინ გაუბედავს მაგას პროკურორს, არ გაძლევ ჩვენებასო. იძულების ბევრი ბერკეტია სამართალდამცველების ხელში“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. მის მსგავსად  სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე სხვა ადვოკატებმაც იგივე გვითხრეს, რომ ჯერ არ გამოჩენილა მოწმე, ვინც დაკითხვას მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვდა. ადვოკატი დავით ჯაფარიძე მოწმეზე ზეწოლის შემთხვევას იხსენებს: „ორი წლის წინ ხელვაჩაურში სექსმუშაკ ქალს პოლიციაში კონდიციონერი ჩაურთეს და კინაღამ გაყინეს იმიტომ, რომ სასურველი ჩვენება მიეღოთ. სიახლე მოჩვენებითია. ახლაც ხდება მოწმეებზე ზეწოლა და ვიდრე ვინმე სასამართლომდე მივა, მას საგამოძიებო ორგანოში „დაამუშავებენ“.

არსებული რეგულაციით, საქმის საგამოძიებო ეტაპზე, თუკი მოწმე უარს ამბობს ნებაყოფლობით ჩვენების მიცემაზე, საგამოძიებო ორგანოს შეუძლია დაასაბუთოს კონკრეტული მოწმისგან (დაზარალებული, თვითმხილველი, სხვა პირი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს) ჩვენების მიღების აუცილებლობა და მიმართოს სასამართლოს. თანხმობის შემთხვევაში, მოწმეს პროკურორი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს.

„გზას პროკურატურიდან სასამართლომდე მოწმე პროკურორთან ერთად გაივლის“, –  გვითხრა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა: `მარტივად შესაძლებელია, მოწმეს თუნდაც გზაში უთხრან, რომ თუ დუმილს არ დაარღვევს, ის შეიძლება ბრალდებული გახდეს. ამგვარად, ზეწოლა მხოლოდ თეორიულად არის გამორიცხული. ჩვენი მოთხოვნა იყო, საგამოძიებო ეტაპზე მოწმის მხოლოდ გამოკითხვა ყოფილიყო ნებადართული და არა დაკითხვა, რომელიც მტკიცებულებად ითვლება. ევროპული სტანდარტით მოწმისგან მხოლოდ ნებაყოფლობით ჩვენების მიღებაა კანონიერი“.

მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის არაერთი ფაქტია აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშებში. „დაკითხვა ამ ფორმით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო“, – ამბობს დღეს ომბუდსმენის მოადგილე ნათია კაციტაძე: „მთავარი პრობლემა უკავშირდება თანასწორობის პრინციპს. ბრალდების მხარეს აქვს საშუალება, იძულებით დაკითხოს პირი, დაასაბუთებს ამის აუცილებლობას და დაკითხავს მოსამართლის თანდასწრებით. დაცვის მხარე ამ შესაძლებლობას მოკლებულია“.

„დაცვის მხარისთვის რომ მიგვენიჭებია იგივე უფლება, შეიძლებოდა საქმე გაჭიანურებულიყო“, – ამბობს ის, ვინც დაკითხვის ახალ წესს მხარი დაუჭირა – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე. მან ასევ გვითხრა, რომ საქმის დროულად დასრულება პროკურატურის ინტერესშია, რადგან მას პასუხი მოეთხოვება, ადვოკატს – არა. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების მოპოვება ძირითადად ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის საქმეა, ხოლო ადვოკატებს შეუძლიათ სასამართლო პროცესის დროს ისარგებლონ ე.წ. ჯვარედინი დაკითხვით.

რატომ არ ჩანან მოწმეები, ვისაც დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით სურს? – კითხვას ვახტანგ ხმალაძემ ასე უპასუხა: „საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ. წვრთნების მიზანი იყო კვალიფიკაციის ამაღლება იმ კუთხით, რომ პოლიციელებმა მოწმეებთან თანამშრომლობა შეძლონ და ამ გზით – ნებაყოფლობითი ჩვენების მიღება. სხვა რეალობაა, როცა გამომძიებელი თავად მიდის მოწმესთან და ესაუბრება და არა ისე, რომ პროკურატურაში გიბარებენ, მაგიდასთან გსვამენ და ნათურას მოგანათებენ“.

დაკითხვის ახალი წესი არ ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებას, მაგალითად, მკვლელობას, სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებას, ძარცვას, ყაჩაღობას, ასევე ოჯახურ ძალადობას. დაკითხვის ახალი წესი ამ მუხლებზე  სრულად 2018 წლიდან ამოქმედდება. მანამდე, ამ შემთხვევების გამოძიების დროს, მოწმის უარი არაფერს ნიშნავს. პროკურორს ისევ შეუძლია მოწმეს უთხრას, რომ ის სავალდებულო წესით დაიკითხება მოსამართლის დასწრების გარეშე.

სისხლის სამართლის ყველა მუხლზე მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის აუცილებლობას მოითხოვდა სახალხო დამცველი. „აშკარაა გარკვეული შიში საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რომ თუკი სრულად ამოქმედდებოდა ეს ნორმა, შეიძლებოდა კრახით დასრულებულიყო საქმეების გამოძიება“, – ამბობს ნათია კაციტაძე.

ხელისუფლებამ ანგარიში არც კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუწია, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, მათ შორის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. კოალიცია სისხლის სამართლის კოდექსში ჯერ კიდევ 2009 წელს შესული ცვლილების ამოქმედებას მოითხოვდა, რაც მოწმისგან მხოლოდ ნებაყოფლობით ჩვენების მიცემას ითვალისწინებდა საგამოძიებო ეტაპზე. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ სანაცვლოდ ხელისუფლებისგან „უნიკალური მოდელი“ მიიღეს, რაც მოჩვენებითი სიახლეა და არსებითად არაფერს  შეცვლის: „ეს არის ჰიბრიდი და ამ ერთმა თვემ აჩვენა, რომ იგი არ მუშაობს. პროცედურა, რომელიც დადგინდა, არ არის კლასიკური, რაც ნაპოლეონის სისხლის სამართლის მოდელიდან გამომდინარეობს, იყო საბჭოთა კავშირშიც და იგი მოწმისგან ჩვენების მიცემის აუცილებლობას განსაზღვრავდა. ეს ახალი მოდელი არც დემოკრატიულია, რადგან იგი მხოლოდ მოწმის ნებელობაზეა დამოკიდებული. რეალურად ხელისუფლებამ ვერ აიღო რისკები, რაც ახლავს ამ დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლას. გასაგებია, რომ ეს იქნებოდა რთული, რადგან მთელი საპოლიციო სამსახური დამყარებულია იძულებასა და ძალადობაზე. ხელისუფლებას თითქოს სურდა, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე, მაგრამ ვერ შეძლო. საბოლოოდ არც მწვადი დაწვა და არც შამფური“.

მმართველი პოლიტიკური ძალა მოწმეთა დაკითხვის პროცედურების შეცვლას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობდა. 2013 წლის დეკემბერში, როცა პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში 2009 წელს შესულ, აუმოქმედებელ ნორმას განიხილავდა (რაც მხოლოდ და მხოლოდ მოწმის ნებაყოფლობით დაკითხვას ითვალისწინებდა), შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ – ლევან იზორიამ თქვა, რომ ახალი ნორმის ამოქმედებით, დანაშაულების გახსნის სტატისტიკა შემცირდებოდა. მან დეპუტატებს ერთ-ერთ საპარლამენტო სხდომაზე საჯაროდ მიმართა: „ამ კანონში არ არის სამართლებრივი მექანიზმი, მოხდეს მოწმის დავალდებულება, რომ თუ იგი ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას ან მტკიცებულებას, მიაწოდოს გამოძიებას. გამოძიებას ხელიდან გამოეცლება მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამ ინსტიტუტის გაუქმებით მოიპოვოს მნიშვნელოვანი მტკიცებულება და, შესაბამისად, განსაკუთრებით ცხელ კვალზე, როცა ეს აუცილებელია, ამას ის ვეღარ შეძლებს“.

პარლამენტმა მაშინ იზორიას თხოვნა არ გაითვალისწინა, თუმცა სადავო ნორმის ამოქმედება 2016 წლის იანვრისთვის გადადო. 2015 წლის ნოემბერში იმავე საკითხზე  იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: „ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს პირველ იანვარს, თუ ამოქმედდება, ჩვენ საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან. დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ პირველ იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში“.

ამ მიმართვის შემდეგ, 2015 წლის ბოლოს, პარლამენტმა დაკითხვის ის წესი დააკანონა, რომელიც მას თეა წულუკიანის უწყებამ შესთავაზა. არსებული მოდელით, პროკურატურამ მოწმისგან ჩვენების სავალდებულო წესით მიღება მხოლოდ სასამართლოს გავლით უნდა შეძლოს. სასამართლო პროკურორებს ჯერ არ დასჭირვებიათ. „ერთადერთი შემთხვევა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა. აქ 9 მარტს მოსამართლის თანდასწრებით მოწმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაუკითხავთ. „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოდელი არ მუშაობს. ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. ჯერ მხოლოდ 20 დღეა გასული“, – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: