სიახლეები

ყოფილი ქიმიურ ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა აუქციონზე გაიყიდება

19.09.2015 • 4191
ყოფილი ქიმიურ  ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა აუქციონზე გაიყიდება

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წელს ჯერ გააკოტრა, ხოლო შემდეგ მიწის ფასად გაყიდა. 4 344 856 ლარად შეფასებული ქონება ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გარემოცვამ, უფრო კონკრეტულად კი შპს „ლემისე კომპანიმ“ 1 მილიონ 111 ათას ლარად შეიძინა.

 

„ლემისე კომპანიმ“  ფარმაცევტული ქარხნის ბაზაზე ახალი შპს –  „ბათფარმა“ დააფუძნა. „ბათფარმას“ დირექტორმა გელა ობოლაშვილმა (ყოფილი გიგოლაშვილი, რომელიც „ბათფარმას“ დაფუძნების დღიდან ბოლომდე იყო ამ კომპანიის დირექტორი (2006-2009 წლები) მოგვიანებით განაცხადა, რომ „ბათფარმა“ დააფუძნეს „ლემისე კომპანიმ“ და მისმა ყოფილმა მეუღლემ ეკატერინე გიგოლაშვილმა…  „ლემისე კომპანიმ“ საწესდებო კაპიტალში შემოიტანა ბათუმის ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის უძრავ-მოძრავი ქონება [წილი 67%], ხოლო ეკატერინე გიგოლაშვილმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა 550 000 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები [წილის 33%].

 

 

ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის 1 ლარად შეძენის შემთხვევაში, უნდა დასაქმებულიყო მინიმუმ 150 კაცი და 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო  3 მილიონი ლარის ინვესტიცია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება ამ პირობით გაიყიდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვალდებულება უნდა გადაყოლოდა ახალ მფლობელს. თუმცა, „ლემისე კომპანისთვის“  ქარხნის მიყიდვამდე ის გადაიყვანეს გაკოტრების რეჟიმში და ისე მიყიდეს ახალ მფლობელს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ  „ლემისე კომპანი“ ვალდებულებებისგან თავისუფალი იყო.

2009 წლის ბოლოს, გელა ობოლაშვილი, როგორც თავად აცხადებს, დააპატიმრეს, ხოლო „ბათფარმას“ აქტივები სრულად და პასივები ნაწილობრივ გადავიდა ავთანდილ ჯანგავაძის მიერ 2010 წლის ოქტომბერში დაფუძნებულ შპს „ბიოპოლუსზე“.

 

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  „ლემისე კომპანის“  მფლობელ ლუხუმ კაპანაძეზე ძებნა გამოცხადდა, გელა ობოლაშვილი კი იწყებს კომპანიაში წილების დაბრუნებას. თუმცა, მისივე თქმით, „იმის გამო, რომ  „ბათფარმა“ იყო გაკოტრების მდგომარეობამდე მიყვანილი, ხოლო ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის აქტივები იყო შპს „ბიოპოლუსზე“, ჩემს ინტერესს წარმოადგენდა დამებრუნებინა შპს `ბიოპოლუსის“ 33%“.

 

ობოლაშვილი მართლაც ახერხებს და ისაკუთრებს „ბიოპოლუსის“ 90% წილს, ხოლო დარჩენილი 10%, საჯარო რეესტრის 2015 წლის აპრილის ამონაწერის მიხედვით, გელა ობოლაშვილის ერთ-ერთი შვილის, პაატა ობოლაშვილის საკუთრებაშია. დოკუმენტების მიხედვით ეს 10% წილი ავთანდილ ჯანგავაძემ უსასყიდლოდ დათმო.

 

შპს „ბათფარმას“ დირექტორი 2013 წლის ივნისში, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ისევ ავთანდილ ჯანგავაძეა [კომპანიის 100% წილის მფლობელი კი „ლემისე კომპანი“]. ფუნქციონირებს თუ არა „ბათფარმა“ და რა ვალდებულებები გააჩნია ამ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ დღეს –  „ბათუმელები“ ავთანდილ ჯანგავაძეს ტელეფონით დაუკავშირდა: „მე მგონი შეჩერებულია კომპანიის საქმიანობა, არ ვიცი, მე დიდი ხანია წამოვედი მაქედან, არ ვარ დირექტორი… საერთოდ, თუ არ შემაწუხებთ მაგ კითხვებით, კარგი იქნება“.

 

 

გელა ობოლაშვილი კი აცხადებს, რომ „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანასა და „ბათფარმაზე“ პასუხისმგებელი არც ის არის: „ქარხანა გაკოტრების რეჟიმში შეისყიდეს და არანაირი იურიდიული ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ არ იყო. მე დამიჭირეს თავის დროზე. რაც გააკეთეს სააკაშვილებმა და მერაბიშვილებმა ახლა მაქ ის სიტუაციაა, მე ვცდილობ ეგ ქარხანა ფეხზე დავაყენო“. 

 

რა დავალიანება აქვს „ბათფარმას“ სახელმწიფოს მიმართ – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდა, მაგრამ ვერ მიიღო.

 

„ლემისე კომპანის“  მიერ დაფუძნებულ „ბათფარმას“, 2006 წლის ბოლოს, უპირობო აუქციონის წესით, 287 ათას დოლარად შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსიც“ მიყიდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს თანხა მთლიანად გადახდილია. „ბათუმელები“ „მეცხოველოების კომპლექსთან“  დაკავშირებული სხვა დეტალებითაც დაინტერესდა, რაზეც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ „უფრო დეტალურად აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელია სამინისტროს მხრიდან, რადგანაც, 2013 წლის 11 იანვარს საქმე ამოღებულ იქნა სამინისტროს არქივიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ“.

 

ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წელს „ბიოპოლუსსაც“  მიყიდა  -4 ათას 800 კვ/მ-ზე მეტი შენობა-ნაგებობები და 26 ათას კვ/მ-დე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები [მდებარე შუახევში, ტაკიძეები, ხიჭაური]. ქონების გადაცემა ისევ ფარმაცევტულ ბიზნესს უკავშირდებოდა.

 

ხელშეკრულებით „ბიოპოლუსს“ სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების ნასყიდობის ფასი – 104 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო ტერიტორიაზე მოეწყო ბრტყელფურცელა ხარისშუბლას მიღებისა და შუალედური გადამუშავების პუნქტი [ნედლეულის აწონვის ადგილი, საშრობი ტერიტორიის მოწყობა, მშრალი ნედლეულის შესანახი საწყობი, ნედლეულის საჭრელი დასაფასოებელი უბანი და დაფასოებული მზა ნედლეულის შესანახი საწყობი]. ამ ყველაფრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, სამი წლის მანძილზე სეზონურად, წელიწადში არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, საქართველოს 35 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

 

ქონების გაყიდვიდან ორ თვეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიას აძლევს თანხმობას, რომ ეს ქონება იპოთეკით დატვირთოს [„იმ პირობით, რომ შესრულებული იქნებოდა ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებული იყო 2011 წლის 30 ივნისს, სამინისტროსა და „ბიოპოლუსს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით“].

 

კომპანიას არც ამ შემთხვევაში შეუსრულებია ხელშეკრულებით აღებული არც ერთი ვალდებულება: მინისტრ დავით ბალაძის წერილის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრისთვის გადახდილი იყო მხოლოდ 31 200 ლარი. დარჩენილი 72 800 ლარის გადახდისთვის სამინისტრომ კომპანიას რამდენჯერმე მისცა ვადა და დაარიცხა ჯარიმაც. კომპანიამ არც ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხა და არც ჯარიმა არ გადაიხადა. მიუხედავად ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კვლავ დათანხმდა კომპანიას, თანხის გადახდა დასრულებულიყო 2013 წლის 31 დეკემბერს.

 

„ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გთხოვთ, მოკლე ვადაში წარმოადგინოთ – სეზონურად არანაკლებ სამი თვის განმავლობაში 35 საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის აუდიტორულ დასკვნასთან ერთად“, _ აღნიშნულია მინისტრის მიერ ორი წლის წინ გაგზავნილ წერილში. კომპანიას არც ეს ვალდებულებები შეუსრულებია.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ] დაიწყო 2014 წლის 9 სექტემბერს, თუმცა გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის შესახებ მიღებული არ არის და 186 700 ლარის ღირებულების ქონება კვლავ შპს „ბიოპოლუსის“ საკუთრებაშია“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, „ბიოპოლუსს“ ნასყიდობის ფასიდან (104 000 ლარი) გადახდილი აქვს 55 500 ლარი და დარჩენილია – 48 500 ლარი, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით – 60 997,6 ლარი“. 

 

სამინისტროდან  „ბათუმელებმა“  ვერ შეიტყო, თუ რატომ არ გააუქმა აღნიშნული ხელშეკრულება.

 

გელა ობოლაშვილმა კი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა „ბოლომდე შევისყიდოთ ეს ქონება, შევასრულოთ ვალდებულება და გადავიხადოთ თანხები… ამდენ ხანს იმიტომ ვერ გადაიხადა კომპანიამ, რომ იყო ფინანსური პრობლემები“.

 

ყოფილ სახელმწიფო ქონებას, რომლის ნასყიდობის ფასიც არ გადაუხდიათ და რომელიც „ბანკი რესპუბლიკაში“ იპოთეკით არის დატვირთული, აუქციონზე გასაყიდად ამზადებენ. ქონების გაყიდვას  „ბანკი რესპუბლიკა“  აპირებს.

 

 

„თუ კომპანია არ ასრულებს ვალდებულებებს, არ იხდის ჯარიმას დროულად, არსებობს ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. მაგრამ თუ ხელშეკრულება მაინც არ უქმდება, ჩნდება ეჭვები – რა მიზანი და მოტივი ამოძრავებს სახელმწიფოს. შეიძლება სხვა ტიპის ინტერესიც იყოს – დაწყებული სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებიდან, კორუფციული გარიგებით დამთავრებული. ძალიან რთულია ამ თემაზე პირდაპირ საუბარი, მაგრამ, ამ ტიპის მიდგომა ხელისუფლების მხრიდან, ინდივიდუალურ შემთხვევებშიც კი აჩენს ეჭვებს,“ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.

 

 

მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რათა  კონტრაქტები შესრულდეს. `სახელმწიფომ არა მხოლოდ ქონების გაყიდვაზე უნდა იფიქროს, არამედ, შემსყიდველების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებაზეც. სახელისუფლო ორგანოებისა თუ უწყებების ვალდებულებაა, მათ შორის პოლიტიკური ვალდებულებაც – აკონტროლონ ქონების შემსყიდველის მხრიდან აღებული ვალდებულებების დროული შესრულება, ვინაიდან პრივატიზების მიზანი სახელმწიფოსთვის დამატებით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.“

 

რა სარგებელი მიიღო სახელმწიფომ თავის დროზე ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის გაყიდვით და თუნდაც „ბიოპოლუსზე“ შუახევში მდებარე ზემოაღნიშნული ქონების მიყიდვით? – ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი `ბათუმელებს~ არ მიუღია. 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ბიოპოლუსის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე [ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა – უძრავი ქონება მდებარე ბათუმში ნონეშვილის ქუჩა 65; მიწის ნაკვეთები შუახევის მუნიციპალიტეტში – ტაკიძეებში, ასევე მოძრავი ქონება, მათ შორის ამპულების შესაფუთი და დასალუქი მოწყობილობა, მედიკამანტების შესაფუთი დანადგარი] „ბანკ რესპუბლიკას“ მიმართვის საფუძველზე „თბილისის სააუქციონო სახლს“ პირველი საჯარო აუქციონი 2013 წლის 9 დეკემბერს ჰქონდა დანიშნული. მთლიანი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი პირველი აუქციონისთვის 16 მილიონ 269 ათას 222 ლარითა და 17 თეთრით იყო განსაზღვრული.

 

სხვა დოკუმენტით ირკვევა, რომ „ბიოპოლუსის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით მისივე საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად“ სააუქციონო სახლს მეორე საჯარო აუქციონი 2014 წლის 10 იანვარს ჰქონდა დანიშნული. აუქციონი ისევ „ბანკ რესპუბლიკას“ მოთხოვნით დაინიშნა.

 

ამჯერად, კრედიტორის მოთხოვნით, მეორე საჯარო აუქციონზე მთლიანი ქონების [ექვს ლოტად] გასაყიდი საწყისი ფასი ჯამში 5 მილიონ 60 ათასი ლარითაა განსაზღვრული [ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა 65-ში არსებული უძრავი ქონება _ 3 330 000 ლარად, შუახევში არსებული უძრავი ქონება – 18 000 ლარად, მოძრავი ქონება კი ჯამში 1 712 000 ლარად].

 

„თბილისის სააუქციონო სახლში“ „ბათუმელებს“ უთხრეს – „აუქციონი ისე შეწყდა, რომ „ბიოპოლუსის“ ქონება არ გაყიდულა“.

გელა ობოლაშვილმა კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა: „მე თვითონ შევიტანე განცხადება და აუქციონიდან ჩავხსენით“.

 

„ეს ქონება გაყიდული არ არის, ის ისევ „ბიოპოლუსის“ საკუთრებაშია. თუ არ ვცდები რესტრუქტურიზაცია კეთდებოდა მაშინ და მაგიტომ შეწყდა აუქციონი. შეიძლება გარიგებაც იყო, მაგრამ ახლა მიმდინარეობს ისევ სასამართლო წარმოება, ქონების აუქციონზე გასატანად და დავალიანების დასაფარად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სს „ბანკ რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ნინო ჯიშკარიანმა.

 

ქონების გაყიდვას არ უარყოფს გელა ობოლაშვილიც: „მე პირადად ვერ ვყიდულობ, მაგრამ ვნახე პარტნიორები, შეისყიდიან მაგ ქარხანას, თუმცა მთელი მენეჯმენტი დავრჩებით, დარჩება ყველა თანამშრომელი“.

 

გელა ობოლაშვილი პარტნიორებს არ აკონკრეტებს, თუმცა ის საქართველოში რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია. ფარმაცევტულ ბიზნესში ჩართულია მისი შვილი ნოდარ ობოლაშვილიც.

 

მაგალითად, კომპანია „უნიმედ გრუპ კორპი“, გელა ობოლაშვილმა 2012 წლის დეკემბერში დააფუძნა. 2014 წლის იანვრიდან ამ კომპანიის პარტნიორი და დირექტორი იყო მისი შვილი ნოდარ ობოლაშვილი. 2015 წლის 22 ივლისიდან კი 100% წილის მფლობელია „ლოგოსტარ კორპორაცია“, სეიშელის კუნძულები [რეესტრის დოკუმენტების მიხედვით კომპანია რეგისტრირებულია 2015 წლის 23 მარტს; ნოდარ ობოლაშვილს კი მთლიანი წილი 50 ათასი აშშ დოლარად აქვს დათმობილი].

 

გელა ობოლაშვილი კომპანია „პრიმა-ვიტას“ ფლობდა 2010 წლიდან. შემდეგ კომპანიის ერთპიროვნული პარტნიორი იყო ნოდარ ობოლაშვილი, რომელმაც კომპანიის მთლიანი წილი ნატალია მერაბიშვილს გადასცა.

 

ნოდარ ობოლაშვილი 100% წილს ფლობს კომპანია „ევრომედიკალში“.

 

გელა ობოლაშვილის ბიზნესსაქმიანობა უკავშირდება კომპანია „აბიფარმსაც“, რომლის 100% წილი უნდა გამოესყიდა, თუმცა რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ობოლაშვილმა ნასყიდობის ფასი ვერ გადაიხადა და კომპანია ყოფილმა დამფუძნებლებმა დაიბრუნეს. ამ კომპანიის 100%-ს დღეს ფლობს ლაშა ანთაძე. „აბიფარმი“ საწარმოს გადაიარაღებას [რასაც 400 ათასი აშშ დოლარი სჭირდება] სახელმწიფო პროგრამის  –  „აწარმოე საქართველოში“ -ფარგლებში ახორციელებს.

 

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან ხორციელდება, რომლის ძირითად დანიშნულებაა `მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნა/არსებული საწარმოს გაფართოება ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარება“.

 

 

რაც შეეხება გაკოტრების რეჟიმში გაყიდულ ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას, ის ლიკვიდირებული დღემდე არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 23 სექტემბრის N571 ბრძანებით დაიწყო სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც არ დასრულებულა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი