2013.04.15

მოხალისეობის პროგრამა სტუდენტებისთვის

 

 

ორგანიზაცია „ბორჯღალი“, ბათუმელ სტუდენტებს და მოსწავლეებს, ევროპის მოხალისეობის სერვისში მონაწილეობას სთავაზობს. ახალგარდებს 18-იდან 30 წლამდე შესაძლებლობა ეძლევათ ევროკავშირისა და მის პარტნიორ ქვეყნებში მოხალისედ გაემგზავრონ. პროექტი ხორციელდება ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) ფარგლეგში, რომლის მიზანია განავითაროს სოლიდარობა და ხელი შეუწყოს აქტიურ მოქალაქეობასა და ურთიერთგაგებას ახალგაზრდებს შორის. 

 

მოსწავლეები და სტუდენტები პროექტის პრეზენტაციაზე

მოსწავლეები და სტუდენტები პროექტის პრეზენტაციაზე

 

 

„აჭარაში ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო EVS-ის აკრედიტაცია და გვაქვს შესაძლებლობა პროექტის ფრაგლებში მივიღოთ ერთი უცხოელი მოხალისე და გავუშვათ ოთხი ბათუმელი მოხალისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას. გარდა ამისა გვაქვს კონტაქტები ევროპის სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებსაც შეეძლებათ სამომავლოდ მიმღებ ორგანიზაციებად იქცნენ“ -ამბობს „ბორჯღალის“ პროექტების კოორდინატორი აბელ სანაძე.

 

პროექტი ბათუმელი სტუდენტებისთვის პირველად ხორციელდება. პროექტში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა, „მთავარია ელემენტარულ ცოდნას ფლობდეს მოხალისე, რომ კომუნიკაცია არ გაუჭირდეს“. 

 

მოხალისეობის ვადა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, არის ორი თვიდან ერთ წლამდე. სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

 

ქვეყნებს შორის, სადაც მოხალისეებს წასვლის შესაძლებლობა აქვთ, არის სირია, ლიბია, იორდანია, ღაზას სექტორი, ეგვიპტე და ა.შ, ქვეყნების ჩამონათვალშია ასევე რუსეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, მოხალისეებს კონფლიქტურ და სამშვიდობო საკითხებზე მუშაობაც მოუწევთ. 

 

„ამიტომ არის ასეთი ქვეყნები შეტანილი ჩამონათვალში, კონფლიქტური ქვეყნების შერჩევის შემთხვევაშიც მოხალისის უსაფრთხოება დაცული იქნება. თუმცა, ქვეყნები, თუ სად გაემგზავრებიან, სტუდენტების არჩევანზეა დამოკიდებული“-აცხადებს პროექტის ორგანიზატორი.

 

პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას სკოლის მოსწავლეების ესწრებოდნენ.

 

„მინდა რომ გერმანიაში წავიდე, ამით არის ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო, ენის გაუმჯობესებაში დამეხმარება“ - ამბობს მირანდა პაქსაძე, რომელიც ბათუმის საერო ელიტარული სკოლის მოსწავლეა.

 

კესარია კაჭარავა: „ჯერ არ ვიცი რომელ ქვეყანაში წასვლას გადავწყვეტ, მინდა პირობებზე მეტი მოვისმინო“.