მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

06.02.2016 • 4679
შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და ექიმების გარდა] უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს. აღსანიშნავია, რომ სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმას, ვინც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში.

ამასთან პირი ერთი წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან მეტი ხნით, ფაქტობრივად, აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ამავე დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების წესი და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

მაღალმთიან დასახლებაში 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე,  ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი, ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი. დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.

რაც შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ, ჩვეულებრივად დაექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისები არიან მრავალშვილიანები, რომელთა კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი, თუმცა მათთვის ეს შეღავათი „მთის კანონის“ ამოქმედებას არ უკავშირდება და ამ კანონის მიღებამდე ისედაც მოქმედებდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის მიერ ამავე დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

რაც შეეხება იმ პირს, რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი, საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მთელი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

„მთის კანონით“ კი, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, შემდეგი შეღავათი დაწესდა:   მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან. ეს შეღავათი ამოქმედდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, თუმცა ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  `არ იბეგრება პირის მიერ იმავე დასახლებაში, სადაც სტატუსი მიენიჭა, მიღებული 6 000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა~ [ანუ, თუ ეს პირი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც იღებს ხელფასს, მისი ხელფასი ჩვეულებრივად დაიბეგრება. ასევე, დაიბეგრება მისი სხვა შემოსავლები 6 ათას ლარს ზემოთ, თუმცა ამ შემოსავლებში არ აისახება ხელფასი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციისგან აქვს მიღებული].

მაღალმთიან დასახლებაში [თუმცა არა „მთის კანონით“], საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ნოტარიუსის მიერ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისგან“ ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალიც [ამოქმედდა 2016 წლის 20 იანვრიდან].

ეს აღსანიშნავია იმიტომ, რომ თუ მაღალმთიან დასახლებაში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი – უმაღლესი შეღავათი.

2016 წლის პირველი იანვრიდან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები არც ერთი პირი [ვისაც აქვს შესაბამისი სტატუსი] მის საკუთრებაში არსებულ, ოღონდ ამავე დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ექიმებს, ექთნებს, მასწავლებლებს [ასევე მწვრთნელებს], ისინი შეღავათებით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ: მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს – დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით [თუმცა ეს მასწავლებლები არ უნდა იღებდნენ ზემოთ აღნიშნულ 35%-იან დანამატს]; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი, ხოლო ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის იქნება – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისთვის – პენსიის ოდენობით.

კანონით, 2016 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ვაუჩერებიც უნდა გაზრდოდათ, თუმცა „ბათუმელებს“  საქართველოს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ვაუჩერი ახალი სასწავლო წლიდან ანუ სექტემბრიდან გაიზრდება.

„მთის კანონით“ მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე გათბობით. თუმცა რას მოიცავს ეს შეღავათი, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზამთრის პერიოდში [შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით] მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფომ 2016 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებს კი მომავალი წლიდან მიიღებენ. აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

„მთის კანონით“ მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან 10 წლის ვადით [ეს შეღავათიც ამოქმედდა 2016 წლის პირველი იანვრიდან]. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს შეღავათი ეხება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ან საწარმოს მიერ ამ სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, მოგებასა და მათ საკუთრებაში არსებულ იმავე დასახლებაში მდებარე ქონებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: