სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების.
შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით].
მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს განბაჟებული, გამოშვების წელი – არანაკლებ 2008 წლიდან, ხოლო ავტომობილის ფერი მიწოდებამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს ტელევიზიასთან.
ტელევიზიისთვის შეთავაზებული ავტომანქანა „არ უნდა იყოს ბუნებრივ აირზე [გაზზე] ნამუშევარი, ნაავარიევი, ძარა უნდა იყოს კოროზიის გარეშე, ძრავის მდგომარეობა-გამართულ ქარხნულ მდგომარეობაში, გადაცემათა კოლოფი გამართულ [ქარხნულ] მდგომარეობაში, ძრავის ზეთის კლება ნორმის ფარგლებში… ავტომანქანაში ზეთი, ფილტრები, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ღვედი უნდა იყოს ახალი ან/და ახალშეცვლილი.
ავტომობილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.
გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.