მთავარი,სიახლეები

„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

18.05.2016 • 1447
„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ 19 თანამშრომელი „ტელეარხი 25“-ის დირექტორს, გია სურმანიძეს ულტიმატუმს უყენებს – წერილში, რომლითაც მათ გია სურმანიძეს ორი დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართეს, „მაცნეს“ თანამშრომლები ითხოვენ, დირექციამ არ დააბრუნოს არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

მათი პოზიცია უცვლელია დღესაც, როცა უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ტელეარხი 25-“-ხელმძღვანელობამ სამსახურში უნდა აღადგინოს ყოფილი ჟურნალისტები: ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ჯაბა ანანიძე, ნინო ხელაძე და აუნაზღაუროს მათ ნაცდური ხელფასი.

„მიგვაჩნია, რომ პირები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ახდენენ ტელევიზიის თანამშრომელთა პროფესიულ დაკნინებას და იმ არხის დისკრედიტაციას, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ არხზე პროფესიულ საქმიანობას არ უნდა დაუბრუნდენ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ მათგან, როგორც სატელევიზიო სიუჟეტებში, ისე პირად საუბრებში, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ვართ უპრინციპოები და მართულები“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს 19 ადამიანი აწერს.

13233389_740908189385010_1265773421_nმიმართვაში ასევე ხაზგასმულია, რომ „მაცნეს“ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხელს აწერენ მიმართვას, განსაკუთრებით არ სურთ მაია მერკვილაძის დაბრუნება საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე და ნინო ხელაძის – დღის პროდიუსერისა და წამყვანის პოსტზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და უარს ვიტყვით მოვალეობის შესრულებაზე” – აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს არ აწერს „ტელეარხი 25-“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირინა ყურუა.

„სამსახურიდან დათხოვნილი ნებისმიერი ადამიანი და მით უფრო ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეს თავის პოზიციაზე და მე ველოდები ტელეარხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და მხარეების შეთანხმებას. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს, ჩემი აქ ყოფნა მაია მერკვილაძეს [„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი] არასოდეს უქმნიდა საფრთხეს სამსახურის დაკარგვის. მე კონტრაქტზე დღემდე არ მომიწერია ხელი, იმიტომ რომ ველოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ირინა ყურუამ „ბათუმელებთან”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: