კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ტურიზმი აჭარის სოფლებში

07.07.2016 • 4025
ტურიზმი აჭარის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო უკვე მერვე წელია ტურისტებს მასპინძლობს. ზებურის სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი არ არის, სადაც უცხოელი თუ ქართველი ტურისტები ჩადიან. აჭარის სოფლის საოჯახო სასტუმროებში დღე-ღამე 15-150 ლარი ღირს, სერვისის მიხედვით.

ზებურ ბოლქვაძემ აგროტურიზმის შესახებ პირველად 2005 წელს მონტენეგროში ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიგო: „იქ როგორც მოყვარული მეფუტკრე ვიყავი წასული, თუმცა როცა ამ დარგის შესახებ ვიდეო ვნახე, გეგმები შემეცვალა და გადავწყვიტე ჩემს სოფელში მეცადა ამ მიმართულებით ბიზნესი“, – ამბობს ზებურ ბოლქვაძე. მან საკუთარ სახლში მოაწყო რამდენიმე ოთახი, დაგეგმა ტურები და 2008 წელს პირველ სტუმრებს უმასპინძლა.

ბიზნესი USAID-ის გრანტით – 4 800 დოლარით დაიწყო, თუმცა ეს თანხა მხოლოდ პროექტის 30%-ს ფარავდა, დანარჩენი თანხა თანადაფინანსება კი თავად მას ეკუთვნოდა. მან ბიზნესი გასულ წელს კიდევ უფრო გააფართოვა პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და დამსვენებლებს „გურმანტური“ შესთავაზა: „5000 ლარით დამაფინანსეს, დიდი სამზარეულო მოვაწყვე, 70-მდე ადამიანი დაეტევა. ტურისტებს ძალიან მოსწონთ კერძების მზადების პროცესში მონაწილეობა. მე კარგად არ ვარ ჩახედული ამ მიმართულების მენეჯმენტის საკითხებში, თუმცა მგონია, რომ სამზარეულოს ღვინოზე არანაკლები პოტენციალი აქვს“, – აღნიშნა საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ მფლობელმა და დასძინა, რომ გასულ წელს 300-მდე სტუმარი ჰყავდა, მათი უმეტესობა გერმანიიდან იყო, თუმცა მანამდე უკრაინელები და პოლონელები ჭარბობდნენ. ბიზნესი საოჯახოა და გურმანტურის მთავარი მზარეულიც ზებურ ბოლქვაძის მეუღლეა. ბიზნესში ჩართულები არიან თანასოფლელებიც – ახალგაზრდები როცა საჭირო ხდება, თარჯიმნობას უწევენ, თუმცა ტურისტულ ჯგუფებს ძირითადად თარჯიმანიც ახლავთ.

„გურმანტურის“ გარდა ზებურ ბოლქვაძე ტურისტებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. მაგალითად, თუთუნის საჭრელ დაზგასთან თამბაქოს დაჭრისა და გამზადების პროცესში მონაწილეობას, ასევე არყის გამოხდასა და დაგემოვნებას, სეზონზე მარწყვის პლანტაციაში მოსავლის აღებაში მონაწილეობას და სხვა აქტივობებში ჩართვას. როგორც ზებური ამბობს, ტურისტებს მაინც ყველაზე მეტად მაინც კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობა მოსწონთ: „განსაკუთრებით ყველის მზადების პროცესში იღებენ ხოლმე მონაწილეობას“.

ფასები „ზებოს“ დამსვენებლებისთვის ბოლო სამი წელია უცვლელია – სამჯერადი კვება და ღამისთევა ერთ ადამიანზე – 50 ლარი. დამატებითი სერვისები ცალკე ხარჯია, თუმცა როდესაც კორპორაციული ჯგუფები სტუმრობენ, გურმანტურის თანხას ცალკე არ ახდევინებენ. გეგმაში ზებურ ბოლქვაძეს ტურისტებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობა აქვს, სადაც აჭარული კერძების მომზადებას ისწავლიან. „თუმცა ამ ეტაპზე ფიზიკურად არ არსებობს უცხო ენაზე გამოცემული აჭარული კერძების რეცეპტები, რაც ცალკე ცოდნას მოითხოვს. ვნახოთ, იქნებ ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მოვახერხოთ ამის ორგანიზება“, – ამბობს ზებურ ბოლქვაძე. მას წელსაც აქვს განაცხადი შეტანილი დამატებითი გრანტის მოსაპოვებლად ბიზნესის გაფართოებისთვის.

ზებურის წამოწყებამ თანასოფლელებსაც მისცა ბიძგი. როგორც თავად იხსენებს, როდესაც შეჰქონდა განაცხადი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თანასოფლელებს არ სჯეროდათ, რომ დააფინანსებდნენ და ამიტომ თავად არ სცადეს. წელს კი რამდენიმე მათგანმაც შეიტანა განაცხადი და გობრონეთიდან უკვე ხუთ პროექტზე ელოდებიან პასუხს: ზოგიერთს სამზარეულოს გახსნა უნდა, ზოგიერთს – „გესთჰაუსის“ მოწყობა.

საოჯახო სასტუმროს ბიზნესით მეორე წელია დაკავებულია ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიხაძირის მკვიდრი დარიკო გაბაიძეც. როგორც თავად იხსენებს, პირველად ორი წლის წინ მოიყვანეს ბიზნესმენებმა ტურისტები და სოფლის მოსახლეობას მათი ღამისთევისთვის თანხა შესთავაზეს: „ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ოთახები მოგვეწყო. ჩვენი ხარჯებით მოვაწყვეთ. თავიდან ორი საწოლი გვქონდა, შემდეგ – ოთხი, გასულ წელს – ექვსი და წელს უკვე რვა სტუმრის მიღება შეგვიძლია ერთდროულად“, – ამბობს დარიკო გაბაიძე. მისი თქმით, გასულ წელს თუ სულ 60-მდე დამსვენებელს უმასპინძლა, წელს უკვე ოცამდე სტუმარი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი. ამის მიზეზად საოჯახო სასტუმროს მფლობელი კმაყოფილ სტუმრებს ასახელებს, რომლებიც მათთან დასვენების შემდეგ ავრცელებენ ინფორმაციას და ასევე ფეისბუქჯგუფს, რომელიც სეზონის დასაწყისში შექმნა: „აი, დღეს მყავდა კანადელი სტუმრები, რომლებიც ფეისბუქის საშუალებით დაგვიკავშირდნენ, ჯერჯერობით ტურისტული ცენტრების მიერ გამოგზავნილი სტუმარი არ გვყოლია“.

დარიკო გაბაიძესაც აქვს შეტანილი განაცხადი დაფინანსების მოსაპოვებლად. ამბობს, რომ თანხა გასაფართოვებლად და კეთილმოწყობისთვის სჭირდება.

მათ საოჯახო სასტუმროში ღამისთევა 15-20 ლარიდან იწყება, ამას ემატება კვებისა და სხვადასხვა მომსახურების ფასები, რაც შეიძლება 150 ლარამდე ავიდეს: „აქ შედის ყველაფერი – კვება, კერძების მომზადების პროცესში მონაწილეობა, ტური სოფელში, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა, მაგალითად, შეიძლება შეშის დაჩეხვის სწავლაც ითხოვონ, ყველაფერი აინტერესებთ სოფელში, ხალხის ცხოვრება, მეურნეობის დარგები… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერში დავეხმაროთ“.

როგორც დარიკო ამბობს, ყველაზე მეტად ტურისტებს რძის ჰალვის მომზადების პროცესში მონაწილეობა და დაგემოვნება მოსწონთ, რაც, მისივე თქმით, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

ნოე ნაგერვაძე მაჭახელას ხეობაში ცხოვრობს, ის ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობს, რომლებიც ტურისტების ჯგუფებს გზავნიან. როგორც იგი ამბობს, მის სასტუმროში ღამისთევით ტურისტები იშვიათად რჩებიან, მხოლოდ სამზარეულოსა და გიდის მომსახურებით სარგებლობენ. ღამისთევა აქ 10-15 ლარი ღირს: „მესამე წელია ვცდილობთ საქმის აწყობას, ამას ბიზნესს ვერ დავარქმევთ, შემოსავლით ოჯახის რჩენა შეუძლებელია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ განვითარდება და საქმე წინ წაიწევს. გასულ წელთან შედარებით, მაგალითად, წელს უფრო მეტი დამსვენებელია, ძირითადად უკრაინელები, ლატვიელები და პოლონელები“, – ამბობს ნოე ნაგერვაძე. ის საკუთარი ხელით ამზადებს სუვენირებს – მაჭახელას თოფს, ზოგიერთს ჩუქნის, ზოგიერთი ტურისტი კი – ყიდულობს.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობენ, თუმცა ტურისტული ცენტრების ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მათი რაოდენობა მიმდინარე წელს გაორმაგებულია. მათივე ინფორმაციით, უფრო და უფრო მეტი ტურისტები ითხოვს სოფლებში საოჯახო სასტუმროებში დასვენებას, სადაც უშუალოდ ეცნობიან სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას, კულტურას და მონაწილეობას იღებენ სამეურნეო თუ სხვა ტიპის აქტივობებში.

ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემას ტურისტულ მარშრუტებზე აქტივობების სიმცირე წარმოადგენს: „ტურისტი რომ მიდის ამ გზაზე, მას გარდა ხედებისა და კერძების დაგემოვნებისა, უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა აქტივობა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ზიპლაინი [თოკით გადაადგილება სიმაღლეზე – ექსტრემალური გართობისს სახეობა], ნავებით გასეირნება და ა.შ. რაც უფრო საინტერესოს გახდის ტურს. ამ ეტაპზე ამაზეც ვმუშაობთ“, – ამბობს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნათია ზოიძე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც ტურისტების გზამკვლევშია შეყვანილი, აჭარის სოფლებში 35-მდე საოჯახო სასტუმროა. ყველაზე მეტი – 12 საოჯახო სასტუმრო ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: