მთავარი,სიახლეები

რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“

29.02.2016 • 4819
რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“

ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, გასულ შაბათს, საღამოს „ბათუმის წყლის“ დირეტორი ალეკო მიქელაძე რესტორან „bk“-ში მეგობრებთან ერთად მივიდა. მას რესტორანში სასურველი მაგიდა არ დახვდა თავისუფალი, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. რესტორნის პერსონალმა შესთავაზა სხვა მაგიდა, ვიდრე მისთვის სასურველი მაგიდა არ გათავისუფლდებოდა. „ბოდიში მოვუხადეთ და ვუთხარით, რომ როგორც კი გათავისუფლდებოდა მისთვის სასურველი მაგიდა, გადავიყვანდით“, – ამბობს ნინო ბეჟანიძე, რსტორნის ერთ-ერთი მეპატრონე.

27 თევერვალი. ბათუნის წყლის თანამშრომლები BK-თან წყლის ჩასართავად ფოტო გადაღებულია რესტორნის მეპატრონის მიერ

27 თევერვალი. ბათუმის წყლის ხელმძღვანელი ალეკო მიქელაძე BK-თან. ფოტო გადაღებულია რესტორნის მეპატრონის მიერ

ამ შეთავაზებამ ალეკო მიქელაძე არ დააკმაყოფილა. მან რესტორანი დატოვა, წასვლისას კი პერსონალს დაემუქრა – „თუ საჭიროა რესტორანსაც დავცლი.“

მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყდა. ეს ამბავი მენეჯერმა მეპატრონეეებს შეატყობინა. ისინი „ბათუმის წყალს“ ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშრდენენ, სადაც მიიღეს პასუხი, რომ დაზიანებაა და „ხელოსნები საჭირო მასალების შესასყიდად წავიდნენ“. ეს ზარი და პასუხიც დაახლოებით ღამის 10 საათზე დაფიქსირდა.

წყლის გათიშვიდან ცოტა ხანში პერსონალმა სტუმრების მომსახურება ვეღარ შეძლო და რესტორანი დაიცალა. ზოგიერთი კი დაზიანების ადგილის მოსაძებნად გავიდა, რა დროსაც მათ აღმოაჩინეს, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც რესტორანი BK“ – ა განთავსებული, წყალი მხოლოდ ერთ ეზოში იყო გამორთული.

მეპატრონეები ცხელ ხაზს ისევ დაუკავშირდნენ და დაზიანების ადგილსა და მიზეზზე კითხეს. მიზეზად გაჟონვა დასახელდა. ადგილი კი გაურკვეველი დარჩ, მას შემდეგაც, როცა ხელოსნები წყლის ჩასართავად მივიდნენ. რესტორნის პერსონალი ამბობს, რომ მანამდე იქ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად არავინ მისულა. მათ სიტუაციის გასარკვევად პატრულიც გამიძახეს, ხოლო ხელოსნებს „რესტონის“ ხელმძღვანელებმა წყლის ჩართვის საშუალება აღარ მისცეს: „ თუ დაზიანება იყო და წყალი ჟონავს, სარემოტო სამუშაოების გარეშე მისი ჩართვა როგორ შეიძლებოდა? – ამიტომ ჩვენ წყალი არ ჩავართვევინეთ და დავსვით კითხვა, თუ წყლის გაჟონვის გემო რაიმე დაზიანდებიდა (რადგან მას რთავდნენ) პასუხიმგებლობას ვინ აიღებდა? “

ამის შემდეგ ადგილზე „ბათუმის წყლის“ კიდევ ერთი თანამშრომელი მივიდა „განყოფილების უფროსი ვარ და წყალი უნდა ჩავრთო. თუ არ ჩამართვევინებთ პატრულს გამოვიძახებო.“

რესტორანში ამბობენ, რომ ამ გაურკვევლობის შემდეგ ადგილზე ალეკო მიქელაძეც მივიდა:
„მას ვკითხეთ, თუ რატომ გაგვითიშეს წყალი გაუფრთხილებლად და გვიპასუხა ხომ არ გინდათ შეტყობინება გამოგიგზავნოთო“ „BK“-ს მეპატრონეებს გადაღებული აქვთ ვიდეო კადრები და ფოტო, სადაც ალეკო მიქელაძე და მისი მანქანაც ჩანს.

ალეკო მიქელაძის ვერსია:

„ბათუმელები“ ალეკო მიქელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

„რეტორანში იყვნენ ჩემი ახლობლები შვილებთან ერთად, მათ მივაკითხე და რადგან იქ ვიყავი, რესტორანი წყლის გეგმიური გათიშვის შესახებ გავაფრთხილე. ვუთხარი, ერთი საათით წყალი გაგეთიშებათ-მეთქი და არ ვიცი რატომ აღიქვეს ასე, რატომ ატეხეს ამბავი. მე არ გავჩერებულვარ იქ დიდხანს, ყავაც არ დამილევია. სისულელეა, თითქოს სასურველი მაგიდა მოვითხოვე ან ვინმეს დავემუქრე. ეს ყველაფერი სისულელეა. რატომ უნდა აკეთებდეს ამას რასტორანი არ ვიცი.

რაც შეეხება გეგმიურ გათიშვას. ჩვენ ამ ქუჩაზე გვქონდა წყლის დიდი დანაკარგი. ეტაპობრივად ვთიშავდით მიწოდების სხვადასხვა ადგილს და ვამოწმებდით. აღმოჩნდა, რომ ერას მოედანზე შადრევნები რომაა, ამის გამო გვქონდა დანაკარგი“ – განაცხადა ალეკო მიქელაძემ.

ბათუმის მერის კომენტარი

რესტორნის ერთ-ერთმა მეპატრონემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ ამბის შესახებ „საქმის კურსში ჩააყენა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: „მან გვითხრა, რომ ასეთი რამ გამორიცხულია და არ შეიძლება მოხდეს. შეგვპირდა გავარკვევო“.

ბათუმის მერმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც რესტორნის მეპატრონე ესაუბრა, დაინტერსდა თუ რატომ იყო წყალი გამორთული შაბათს საღამოს მემედ აბაშიძის ქუჩის კონკრეტულ ეზოში. მან მიიღო განმარტება, რის შემდეგაც გასცა მითითება, რომ აუცილებლად წინასწარ უნდა გააფრთხილონ აბონენტები წყლის შესაძლო გათიშვილს შესახებ: „რომ არ მოხდეს შემდეგ სხვა ინტერპრეტაცია.“

რაც შეეხება იმას, დაემუქრა თუ არა ბათუმის წყლის დირეტორი რესტორანს და იყო თუ არა წყლის გამორთვა ამ მუქარის შედეგი – გიორგი ერმაკოვის თქმით, ის ამას ვერ გაარკვევს. „ერთი მეტყვის დამემუქრა, მეორე არ დავმუქრებივარო. გამოიძიონ და დაადგინონ“, – ამბობს ბათუმის მერი.

შპს „ბათუმის წყალი“ მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა და მის ხელმძღვანელს მერი ნიშნავს. ალეკო მიქელაძე წინა ხელისუფების დროს ბათუმის წყლის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, გიორგი ერმაკოვმა მას ორგანიზაციის უფროსის თანამდებობა ჩააბარა.

რესტორან „BK“-ს მეპატრონეები მიიჩნევენ, რომ გაუფრთხილებლად წყლის გამორთვის გამო რესტორნის იმიჯი შეილახა და რესტორანი დაზარალდა. ამ მიზეზით ისინი „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივიან.

გადაბეჭდვის წესი